პროკურატურამ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში მომხდარი, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში, ბრალდებულმა, დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ” და „კ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

Back to top button