შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ხუთი პირი – 2004 წელს დაბადებული ა.კ., 2006 წელს დაბადებული ლ.ჭ., 2005 წელს დაბადებული ა.ი., 2008 წელს დაბადებული ს.კ. და 2003 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, გვიან ღამით ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე 43 ავტომობილის საქარე მინა დააზიანეს, რის შედეგადაც ავტომობილებში არსებულ პირად ნივთებს, ელექტრომოწყობილობებსა და სხვადასხვა ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ხუთივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა – ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

Back to top button