გურიის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ვ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბური.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-კვარტა მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Back to top button