
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას მეზობლად მცხოვრებ – 1978 წელს დაბადებულ ი.მ. -ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
პოლიციამ ა.ბ. ბრალდებული სახით ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.