შსს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდნილ თურქული სატვირთო ბორტზე განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის“, – აღნიშნულია შსს-ს  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Back to top button