
უკრაინული ონლაინგამოცემა Ukrainska Pravda აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, „ჯერჯერობით მოწმის სტატუსით, დაიბარეს დაკითხვაზე NABU-ში მინდიჩის საქმეზე“.
„რუსტემ უმეროვი NABU-ში დაიბარეს მოწმის სტატუსით, რათა ჩვენება მისცეს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო მოხელის საქმიანობაში ჩარევის ბრალდებით აღიძრა. საუბარი კონსტრუქციული იყო. რუსტემ უმეროვმა პროცედურული კანონმდებლობის ფარგლებში უპასუხა გამომძიებლების ყველა კითხვას“, – ციტირებს გამოცემა უმეროვის პრესსამსახურის კომენტარს.
როგორც პრესსამსახურმა განმარტა, აღნიშნული საპროცესო მოქმედება 25 ნოემბერს ჩატარდა და სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
NABU-ს დირექტორმა სემენ კრივონოსმა განაცხადა, რომ ანტიკორუფციული უწყება „მინდიჩის საქმის“ გამოძიებას არ აჩერებს რაიმე „გეოპოლიტიკური მიზეზების“ გამო და ახალი მასალები გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება.
უმეროვმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში მასზე არავის „მოუხდენია გავლენა“. მანვე აღიარა, რომ შეხვედრა ჰქონდა ტიმურ მინდიჩთან ტყვიაგაუმტარი ჟილეტების კონტრაქტთან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, ხელშეკრულება საქონლის შეუსაბამობის გამო შეწყდა.