შალვა პაპუაშვილი: საქართველოს არასდროს მიუღწევია ისეთი ინსტიტუციური სიახლოვისთვის ევროპასთან და ნატო-სთან, როგორც ამას „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია

საქართველოს არასდროს მიუღწევია ისეთი ინსტიტუციური სიახლოვისთვის ევროპასთან და ნატო-სთან, როგორც ამას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მანიფესტს.

მისი თქმით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და ვიზალიბერალიზაციას.

პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა ნატო-სთან“.

ამასთან, როგორც უმრავლესობის წევრმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან იარაღსაც კი ვერ ყიდულობდა და ეს ამ ხელისუფლების დროს შეიცვალა.

„ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა ამ კუთხით არის უფრო მჭიდრო და გაძლიერებული. ყველაფრის დაგვირგვინება ისიც იყო, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციაში კონსტიტუციურ ვალდებულებად ჩაწერა „ქართულმა ოცნებამ“, იმისთვის, რომ არც ერთმა ხელისუფლებამ არ გადაუხვიოს ამ გზას და ეს კონსტიტუციური ვალდებულება იყო. ყველა ხელისუფლება ვალდებულია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა გააგრძელოს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, თუ შევხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ისინი სცდებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს და მათი ოპოზიციაში ყოფნის ყოველი დღეც ამის დასტურია, მათ შორის – დღევანდელი დღეც. მათი ქცევა, რომ ისინი არანაირად არ იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსებაზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე, არც ერთი ეს ცნება მათთვის ახლო არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Back to top button