პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილს მომავალ კვირაში აირჩევენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილს მომავალ კვირაში აირჩევენ. რიგგარეშე სხდომები 29-30 ოქტომბერს არის მოწვეული, სადაც მომავალი სპიკერის არჩევა მოხდება.

პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს პარლამენტს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

რეგლამენტით, პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება ამის შესახებ წერილობით მიმართვის/საჯაროდ განცხადების მომენტიდან.

რაც შეეხება არჩევის პროცესს, პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით რეგლამენტით დადგენილი წესით ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს.

შალვა პაპუაშვილი დაიბადა 1976 წლის 26 იანვარს. უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოსა და გერმანიაში. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ერთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამარათლის სპეციალობით. 1998-2002 წლებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით სწავლობდა საარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც 1999 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს – სამართლის დოქტორის ხარისხი.

2020 წლის 31 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით, აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წევრად. 2020 წლის 15 დეკემბერს აირჩიეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; ხოლო 2021 წლის 31 მარტს – განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ. არის ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.

2021 წლის 16 იანვრიდან არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხოლო 2021 წლის 27 მარტიდან – პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.

შალვა პაპუაშვილი 2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) სამართლის ექსპერტი. 2007-2017 წლებში ხელმძღვანელობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას, ხოლო 2017-2020 წლებში იყო სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.

2012 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

შალვა პაპუაშვილი არის სამართლის სფეროში ნაშრომების ავტორი. მათ შორის:
* კაზუსების კრებული სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილზე (თანაავტორი)
* გერმანულ-ქართულ-გერმანული იურიდიული ლექსიკონი (თანაავტორი)
* სამოქალაქო პროცესში კასაციის დასაშვებობის ახალი საფუძვლები
* სამართლის განვითარება სამოსამართლო სამართლის მეშვეობით
* სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის ვალდებულება

ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.

Back to top button