“დახურული ოფისები რეგიონებში და უხელფასოდ დატოვებული პარტიის წევრები, რა მისია აკისრია პოლიტიკიდან პერიოდულად გაუჩინარებულ გიორგი გახარიას და რა ხდება მის პარტიაში”, – POSTV- ანალიტიკა ვრცელ სიუჟეტში აანალიზებს.
სიუჟეტის ავტორი გახარიას ლამპარში გამოკეტილ ჯინს ადარებს, რომელიც სანამ “ნაციონალებს” სამ სურვილს არ აუსრულებს, არსად გაუშვებენ. თუმცა, როგორც ავტორი ამბობს, გიორგი გახარია მზად არ აღმოჩნდა პოლიტიკისთვის და პოლიტიკური თამაშებისთვის, სამჯერ წავიდა და დაბრუნდა და ყოველ ჯერზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი დიდი პოლიტიკური სურვილი აუსრულა.
„გახარია პოლიტიკური ჰორიზონტის მიღმა და ჰორიზონტზე, ისე თითქოს ლამპარში გამოკეტილი ჯინია ან ის ოქროს თევზი, რომელიც “ნაციონალებმა” რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ ვერტიკალზე დაიჭირეს და ახლა, სანამ მათ სამ სურვილს არ აუსრულებს, არსად არ გაუშვებენ. თუმცა, ეს ხომ ზღაპრებია ბავშვებისთვის. მაგრამ არც გიორგი გახარია აღმოჩნდა მზად პოლიტიკისთვის და პოლიტიკური თამაშებისთვის. კულმინაციურ მომენტში პატარა ბავშვივით გაიქცა და გაუჩინარდა. მერე ისევ გამოჩნდა, რის შემდეგაც ისევ გაუჩინარდა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ გაქრა ჰორიზონტიდან და რამდენიმე დღის უკან ისევ გამოანათა. მოკლედ სამჯერ წავიდა და დაბრუნდა. და ყოველ ჯერზე “ნაციონალურ მოძრაობას” ერთი დიდი პოლიტიკური სურვილი აუსრულა. მართალია, სააკაშვილის პარტიას მაინც არაფერი ეშველა“ – ამბობს ავტორი.
როგორც სიუჟეტშია ნათქვამი, სააკაშვილის პარტიისთვის პირველი ასეთი შანსი გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომა იყო.
„2021 წლის 18 თებერვალს ის პროტესტის ნიშნად გადადგა. მართალია, მისი მოულოდნელი გადაწყვეტილება ჩვენთვის დღემდე გაუგებარია, ვერაფერი აგვიხსნა – უფრო ზუსტად იმდენჯერ შეცვალა გადადგომის მიზეზი რომ საერთოდ დაგვაბნია. სამაგიეროდ, ნაციონალებისთვის ეს იყო ძალიან მკაფიო სიგნალი. ეს ჩვენ დავიბენით, თორემ ისინი ყველაფერს კარგად მიხვდნენ – სურვილი ხომ მათ ჩაუთქვეს? რატომ იყო მნიშვნელოვანი მისი გადადგომა? იმიტომ, რომ საქართველოდან გაქცეულ ექსპრეზიდენტს მოეჩვენა თითქოს “ქართულ ოცნებას” სულის შებერვაღა აკლდა სრულ ჩამოქცევამდე. ისიც სწორედ მაშინ გადადგა, როცა ხელისუფლება “ნაციონალების ოფისში” გამაგრებული ნიკა მელიას დასაჭერად სპეცოპერაციას გეგმავდა, რითაც ვერტიკალს მართლაც შეუბერა სული. გათვლა ალბათ ასეთი იყო: პრემიერის გარეშე დარჩენილი ქართული ოცნება დაიბნეოდა, დაიშლებოდა, დასუსტდებოდა და გაიქცეოდა. ალბათ დაახლოებით ისევე როგორც მოქალაქეთა კავშირი ჩამოიშალა შევარდნაძის სახლში წასვლის შემდეგ. სინამდვილეში, ეს გახარიამ გადააჭარბა საკუთარი ძალებისა და პერსონის შეფასებაში – ის არც ერთადერთი იყო და არც მთავარი გამწევი ძალა, შესაბამისად, დაბნეულობამაც მალევე გადაიარა და მელიას დაკავების ოპერაციაც, რომელიც რამდენიმე დღით გადაიდო, უნაკლოდ ჩაატარა“ – ნათქვამია სიუჟეტში.
ავტორის თქმით, პოლიტიკური ბრძოლის ეს რაუნდი “ნაციონალებმა” კატასტროფული შედეგით წააგეს, მელია დააკავეს, გახარია ჰორიზონტიდან გაქრა, სააკაშვილი კი ისევ კიევში დარჩა.
„მეორე სურვილის დრო შარლ მიშელის დოკუმენტზე მუშაობის პარალელურად დადგა. როგორც კი დოკუმენტის შინაარსი ცნობილი გახდა, გიორგი გახარია ჰორიზონტზე გამოჩნდა და პოლიტიკაში დაბრუნებისა და პარტიის დაფუძნების სურვილი გაახმოვანა. ესეც “ნაციონალებისთვის” მიცემული მორიგი შანსი იყო, გამარჯვების შანსი. ქვეყანა ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადებოდა ამიტომაც, სააკაშვილის სურვილს, ექცია ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად, სული სწორედ ვერტიკალიდან გამოქცეულ გახარიას უნდა ჩაებერა. რატომ იყო ეს “ნაცებისთვის” მიმზიდველი სცენარი? რა ჩანაფიქრი ქონდა სააკაშვილს ამჯერად? ეს ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობა იყო, რაზეც რადიკალებმა საკუთარი თამაში ააგეს. დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი – იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
სწორედ ამ დოკუმენტზე ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე გახარია პარტიის შექმნას აანონსებს, დოკუმენტზე ოცნების ხელმოწერის შემდეგ კი, როცა მმართველი პარტია მის შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებს, პირველ ყრილობას მართავს. ასე იბადება ახალი პარტია საქართველოსთვის.
გიორგი გახარიას აქაც თავისი კონკრეტული მისია აქვს. მან როგორც თითქოსდა ყველაზე რეიტინგულმა ფიგურამ, რომელმაც ვერტიკალზე ქარიზმაც შეიძინა და გავლენებიც, ქართულ ოცნებას რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი უნდა წაართვას, რათა მმართველმა პარტიამ 43%-იანი ზღვარი ვერ გადალახოს და ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ლეგიტიმური უფლება გაუჩნდეს. ჰოდა, გიორგი გახარიაც დადის რეგიონიდან რეგიონში, სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და ისევ სოფელში და ყველას “ქართული ოცნების” უკეთესი ვერსიის პარტიას სთავაზობს. ამბობს, რომ ელექტორატი სინამდვილეში სწორედ ისეთ პარტიას ელოდა, როგორიც მან შექმნა.
იყო მოლოდინი, რომ ოცნების რიგები როგორც ვერტიკალზე, ისე ამომრჩევლის დონეზე საკმაოდ შეთხელდებოდა, ოცნება 40% იან ზღვარსაც ვერ გასცდებოდა დაინიშნებოდა არჩევნები და ოპოზიცია სრულ გამარჯვებას მიაღწევდა. ფსონი იმდენად მაღალი იყო, რომ გიორგი გახარიამ თბილისის მერადაც კი დააყენა თავისი კანდიდატურა. აქ ის ცდილობდა კახა კალაძისთვის მაქსიმალური რაოდენობის ხმები წაერთმია და ნიკა მელიასთვის მეორე ტურში გადასვლის შანსი მიეცა, მაგრამ ოპოზიცია აქაც აგებს. ქართული ოცნება 43-ის ნაცვლად 48 პროცენტს იღებს, კახა კალაძე კი მეორე ტურში ნიკა მელიას ამარცხებს.
მეორე რაუნდი სრულდება და გიორგი გახარია ისევ ჰორიზონტიდან ქრება. რეგიონებში იხურება მისი პარტიის ოფისები, საარჩევნო კამპანიაში ჩართული ადამიანებს კი ხელფასს არ აძლევენ. მანამდე გახარია აანონსებდა, რომ სწორედ არჩევნების შემდეგ დაიწყებდა პარტიული სტრუქტურების შექმნას და რეგიონალური ორგანიზაციების გაძლიერებას.
გახარიას პარტიამ დაშლა ჯერ კიდევ არჩევნების პერიოდში დაიწყო, ყოველდღიურად პარტიას ათობით და ასობით წევრი ტოვებდა. მთავარი მიზეზი კი სწორედ გიორგი გახარიას და “ნაცების” თანამშრომლობა იყო, რაც პარტიის წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მეორე ტურის შემდეგ გიორგი გახარიას პაუზა გაუხანგრძლივდება. თანაც იმდენად, რომ სოციალურ ქსელებში ბევრი მას პაატა ბურჭულაძესაც კი შეადარებს. ისიც ასე მოვიდა, წააგო და გაქრა. თუმცა, გახარიას “ნაცებისთვის” მესამე სურვილის ასრულების ვალდებულება კიდევ დარჩა. ჰოდა, “ნაცებმა” ის ახლა გამოიყენეს. გიორგი გახარიას ისევ მოუწია გამომძვრალიყო ლამპარიდან მორიგი სურვილის შესასრულებლად. ამჯერად გარიგება წალენჯიხის საკრებულოში შედგა. “ნაციონალებმა” საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მხარი გახარიას პარტიის წევრს დაუჭირეს, ოღონდ ერთი პირობით, ის სამაგიეროდ “ნაციონალებს” საკრებულოში ყველა სხვა თანამდებობებს დაუთმობს.
წესით გახარია ახლა ისევ ნაცების ლამპარში უნდა შეძვრეს და შემდეგ განკარგულებას, ან მორიგ სურვილს დაელოდოს. ზღაპარშიც კი ჯინი მუდმივად დამოკიდებულია თავისი პატრონის ნებაზე. როგორი იქნება გორის ჰოსპიტალში მწოლიარე ალადინის მორიგი ნება ამასაც მალე ვნახავთ. კოლექტიურ შიმშილობაში ჩართვა გახარიასთვის როგორც ჩანს, ჯერ არ შეუთავაზებიათ“, – ნათქვამია სიუჟეტში.