ვახტანგ ცინცაძე: ოპტიმისტურია მომავალი წლების ეკონომიკის საპროგნოზო მაჩვენებლები – საქართველო 2025-2030 წლების პერიოდში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება

„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და შედეგზე ორიენტირებულია, რაც განაპირობებს ბოლო წლებში არსებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდას.

სწორედ ასეთ შეფასებებს აკეთებს არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და სარეიტინგო კომპანია, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი და დაბალანსებული, ყველა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრი კი ჯანსაღია”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს – ქვეყნის სწორ ეკონომიკური პოლიტიკაზე მეტყველებს, რომ ის წარმატებით უმკლავდება ბოლო წლების გლობალურ გეოპოლიტიკურ თუ ეკონომიკურ შოკებს, მათ შორის პოსტპანდემიურ პერიოდში. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ასევე ოპტიმისტურია მომავალი წლების საპროგნოზო მაჩვენებლები – საქართველო 2025-2030 წლების პერიოდში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება.

„მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სექტორებს, მათ შორის ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ისევე როგორც ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორი. ეს ადასტურებს, რომ საქართველოს, როგორც ლოგისტიკურ-სატრანსპორტო მიმართულების ფუნქცია გლობალურად იზრდება და მიწოდების ჯაჭვებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა გააგრძელებს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებით განვითარებას. ასევე მისასალმებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიტიური შეფასება – რომ საქართველოს ეკონომიკა, ყველა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრი ჯანსაღია. ფონდის შეფასებით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 7.3% იქნება, რაც ფონდის მიერ 2025 წელს ეკონომიკური ზრდის კვლავ გაუმჯობესებული მაჩვენებელია”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძემ ასევე ისაუბრა 2025 წლის 11 თვის მონაცემებით ექსპორტის მიმართულებით არსებულ რეკორდულ შედეგებზე – ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 10% შეადგინა და მისი მოცულობა 6,6 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. ამასთან, წელს იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა 2024 წლის ჯამურ მაჩვენებელს. ასევე რეკორდული იყო ექსპორტის მოცულობა ნოემბრის თვეში, ზრდამ 44% შეადგინა. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ იზრდება საქონლით ექსპორტი, ასევე მნიშვნელოვნად სწრაფად მზარდია მომსახურების ექსპორტიც – ტრანსპორტის ექსპორტმა 2024 წელს დაახლოებით 1,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა – 700 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ტურიზმის ექსპორტი 4,4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

„იმისთვის, რომ ადგილობრივი საქონლის ექსპორტი გავზარდოთ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, რისთვისაც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს არაერთი სახელმწიფო პროგრამის საშუალებით. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად წავახალისოთ მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური წარმოებები, რომლებიც ქვეყანაში ქმნის მაღალ დამატებულ ღირებულებას, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე”, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

Back to top button