„საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის შედეგებს რეგიონებში აჯამებს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი მამელი ქობალია სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გასული სარწყავი სეზონის შედეგები განიხილეს და სოფლის მეურნეობის წარმოების პროცესში საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს.

მამელი ქობალიამ ყურადღება გაამახვილა ფერმერების უკუკავშირის მნიშვნელობაზე, რაც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, წყალმომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმოს სამომავლო ინფრასტრუქტურული და საოპერაციო ღონისძიებები.

„ფერმერებთან შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაცია და გამოვლენილი საჭიროებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კომპანიამ სამომავლო ღონისძიებები უფრო ეფექტიანად დაგეგმოს და მომდევნო სარწყავი სეზონისთვის წყალმომხმარებლებს კიდევ უფრო გაუმჯობესებული მომსახურება შესთავაზოს. შეხვედრებზე ასევე ვისაუბრეთ მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, წვეთოვანი მორწყვის უპირატესობებზე, რაც წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან ერთად, მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა მამელი ქობალიამ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მორწყვის თანამედროვე და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წვეთოვანი მორწყვის უპირატესობებს, რომელიც ხელს უწყობს წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებას და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას.

სარწყავი სეზონის შედეგების შეჯამებისა და წყალმომხმარებლების საჭიროებების გაცნობის მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

Back to top button