ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და ეკონომიკური მაჩვენებლები ჯანსაღია, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს საინვესტიციო პროექტები შეაფასა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში ინვესტიციების მოზიდვასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ინვესტიციების რაოდენობა, არამედ ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ამაში ვგულისხმობთ სწორედ ისეთ ინვესტიციებს, რომლებიც ქვეყანაში კაპიტალის შემოდინების გარდა, ასევე უზრუნველყოფს ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს, რაც ხარისხიან სამუშაო ადგილებს ქმნის”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძემ ხაზი გაუსვა “Eagle Hills” – ის პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის როგორც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, ასევე ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სხვა ისეთ მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, როგორიცაა თბილისის ახალი აეროპორტის პროექტი, რომელშიც, მისი ინფორმაციით, კერძო სექტორის დაინტერესება მზარდია. ვახტანგ ცინცაძემ ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად წაახალისებს ენერგეტიკის სფეროში სხვა ინვესტიციებს.
მინისტრის მოადგილის პროგნოზით, მომავალი 4 წელი საქართველოში ინვესტიციების შემოდინების კუთხით აქტიური და წარმატებული იქნება. ვახტანგ ცინცაძე, მათ შორის, ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში გადადის, რაც პირდაპირ აისახება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებაზე.

„საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება, ეკონომიკური მაჩვენებლები ჯანსაღია და რისკები დაბალანსებულია, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორებისთვის. სწორედ ამიტომ საქართველო მზად არის, მიიღოს როგორც საერთაშორისო ინვესტიციები, ასევე წაახალისოს ადგილობრივი ინვესტიციები და შეინარჩუნოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია”, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

Back to top button