სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკურ მეთოდებს აცნობს

ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური ფაროსანა მოზამთრე ფაზაში გადადის და ტყის მასივებიდან და ნარგავებიდან მიგრაციას საცხოვრებელი სახლებისკენ იწყებს. მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში „კარდაკარის” პრინციპით ადგილობრივებს საკარმიდამო ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მექანიკურ მეთოდებს აცნობენ.

გამოსაზამთრებლად ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება შესაძლებელია მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივი კონსტრუქციებით, რომლებიც საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან ადგილას თავსდება; ეფექტურია ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე” მეთოდიც – ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა ან ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად, მავნებელი ნადგურდება.

ზამთრის პერიოდში განადგურებული თითოეული მავნებელი ნიშნავს მომავალი სეზონისთვის აზიური ფაროსანას რიცხოვნობისა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზარალის შემცირებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები.

Back to top button