პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული გ.ტ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს -1988 წელს დაბადებულ ა.თ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

„პოლიციამ გ.ტ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.

Back to top button