
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, დაზარალებული დაარწმუნა, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა და მოგებიანი ბიზნესსაქმიანობის წამოწყებას შეძლებდა. ამ დაპირებით, დაზარალებულს უძრავი ქონება იპოთეკით დაატვირთინა, ხოლო მიღებულ თანხებს მოტყუებით დაეუფლა ისე, რომ ფორმალურად ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
გარდა ამისა, ბრალდებულმა საკუთარ სახელზე მოტყუებით გადმოიფორმა დაზარალებულის საკუთრებაში არსებული 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, გაასხვისა მესამე პირზე და მიღებულ თანხა სრულად მიისაკუთრა.
ბრალდებულის ქმედებების შედეგად დაზარალებულს 358 184.26 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.