სუს-მა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

„გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.

სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება – სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button