
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა, თბილისში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მისი ნაცნობის – ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქის თითქოსდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის სანაცვლოდ, მოტყუებით მოსთხოვა 3 000 აშშ დოლარი, საიდანაც 500 აშშ დოლარი წინასწარ გამოართვა.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ს. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.