პროკურატურამ გორში წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 იანვარს, გორში, ბრალდებულმა მისი კუთვნილი ავტომანქანით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა დაზარალებული. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

Back to top button