
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1959 წელს დაბადებული რ.მ. წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის არასრულწლოვან წევრთან 2012 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-სთან მისი ნების საწინააღმდეგოდ რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის
მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული ნ.ჩ.-ს ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა.
სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 126 -ე, 11 პრიმა 151 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.