
„Sintra’s Salt“ ასე ჰქვია ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის ფოტოგამოფენას, რომელიც დამთვალიერებელს პორტუგალიის სანაპიროზე დაბადებულ ისტორიებს უყვება.
გამოფენას, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იმართება, Gallery Fotoatelier, 4 აპრილიდან უმასპინძლებს.
პროექტის ავტორი ქართველი ფოტოგრაფი, ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილია. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია ისეთ საერთაშორისო და რეგიონულ გამოცემებში, როგორებიცაა: The Guardian, The Red Bulletin, National Geographic, At.ge, Tabula, Anabechdi, Hot Chocolate Magazine და სხვა.
“სინტრას მარილი” ასახავს ადამიანის ინტერესების ცვლილების მარადიულ ციკლს, პორტუგალიის ოკეანის სანაპიროს და იქ მყოფ პერსონაჟებზე დაკვირვებას. ექსპოზიცია იწყება თამაშით, როგორც ყველა ადამიანის ცხოვრება. ბავშვები ეთამაშებიან და დასდევენ ჩრდილებს, ეფემერულ ობიექტებს, და მათთვის შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ამ ასაკში არ გაინტერესებს მოახერხებ თუ არა ჩიტის დაჭერას, მთავარია პროცესი, რომლის დროსაც სიამოვნებას იღებ და ცხოვრების მომავალი ეპიზოდისთვის იწვრთნები. ექსპოზიციის მეორე ნაწილი ასახავს ცხოვრების ციკლის მეორე ეპიზოდს, სადაც ცხოვრების ასპარეზზე შემოდიან ეპიზოდური პერსონაჟები, როგორც აუცილებელი ელემენტები, რომლებმაც შენი წილი დრო უნდა წაიღონ. ამ ეპიზოდში იწყებ სამყაროს სიდიადის გაცნობიერებას, რომელიც მხოლოდ ადამიანთან მიმართებაში იძენს მასშტაბს.“, – აღნიშნავს ალექსანდრე ბაგრატიონ–დავითაშვილი.
თბილისის შემდეგ ექსპოზიცია ლისაბონსა და სან პაულოში გადაინაცვლებს. გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.