გეოლოგიის დარგში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსს, გეოლოგიის დოქტორ მერაბ გაფრინდაშვილს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების მედალი გადასცა.

სახელმწიფო ჯილდო მერაბ გაფრინდაშვილს საქართველოში გეოლოგიის დარგის განვითარებისა და ამ სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

„მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად საპატივცემულო ადამიანის, გეოლოგიის დარგის ღირსეული წარმომადგენლის, მერაბ გაფრინდაშვილის ღვაწლის დაფასებისთვის.

ბატონი მერაბი თითქმის ნახევარი საუკუნეა ამ სფეროს ემსახურება. მისი საქმიანობა არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და დარგის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ  წვლილს უკავშირდება. ამასთან, მნიშვნელოვანია ისეთი დეფიციტური და სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერა და წახალისება, როგორიც გეოლოგიის სფეროა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური და მერაბ გაფრინდაშვილის ოჯახის წევრი ესწრებოდნენ.

Back to top button