ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში, ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კონფერენცია იმართება

ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახსნა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალურმა დირექტორმა, ჯონ ბარკერმა მიმართეს.

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ მსოფლიო ღვინის სექტორის მდგომარეობას, არსებულ გამოწვევებს, ბაზრების სპეციფიკას, ასევე ევროპის, აზიისა და აშშ-ის საექსპორტო ბაზრებს და აღნიშნულ ბაზრებზე დამკვიდრების გზებს. ასევე იმსჯელებენ პროგრამა „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევის“ მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება დისკუსია „საქართველო – ღვინის ცივილიზაციის სამშობლო“, რომელსაც „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის“ ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მაღრაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე გაუძღვებიან.

კონფერენციის მუშაობაში საქართველოს ღვინის ინდუსტრიისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ ღვინის სექტორში მოღვაწე უცხოელი პროფესიონალები, მათ შორის, ჯონ ბარკერი, სტივენ ბატიუკი, გაბრიელე კოლა, გერგელი სოლნოკი, ღვინის მაგისტრები დებრა მეიბურგი, ლისა პეროტი და კონსტანტინ ბაუმი, ასევე ღვინის ექსპერტი და მწერალი რობერტ ჯოზეფი და სხვა საერთაშორისო სტუმრები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ასევე მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით, საქართველოში ყოველწლიურად, 8 მაისს ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება.

ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გუდიაშვილის მოედანზე გაიმართება ღვინის დეგუსტაციები და ქართული ღვინის 8 000-წლიან ისტორიასთან დაკავშირებული შემეცნებითი აქტივობები. ღვინის ეროვნული დღის აღნიშვნა კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენით დასრულდება.

Back to top button