ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

მიმდინარე წლის 10 მაისს, ავსტრიის რესპუბლიკაში, მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის მიწვევით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის, პროტოკოლისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ეკატერინე ფაჩულია, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ბანაკის გათავისუფლებიდან 81 წლისთავს ეძღვნებოდა.

ცერემონიის მონაწილეებმა, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, ალექსანდრე მაისურაძე, გენერალური კონსული თამთა კინწურაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენელი ეუთოში, გენერალ-მაიორი შალვა ჯაბახიძე, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ინფორმაციისთვის, მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი იყო ყველაზე სასტიკი ბანაკი გერმანულენოვან სივრცეში, რომელმაც 90 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის კვლევის შედეგად, მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის არქივში, ამ დროისთვის, 225 ქართველის სახელი და გვარია აღმოჩენილი. სავარაუდოდ, მათი რიცხვი ბევრად მეტია, რადგან არქივის ნაწილი, ჯერ კიდევ, ბანაკის გათავისუფლებამდე გაანადგურეს ნაციონალ-სოციალისტებმა.

აქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცებიდან, თითქმის ყველა სამხედრო ჩინის მქონე იყო და ისინი, სამაგალითოდ დასჯის მიზნით მოჰყავდათ ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მათ უწევდათ გრანიტის სამტეხლოში მუშაობა. აღნიშნული ბანაკიდან ყველაზე დიდი გაქცევის მონაწილეებიც ქართველები იყვნენ, მათგან რვა ქართველმა ჯარისკაცმა მოახერხა ბანაკიდან გაქცევა, მაგრამ გადარჩენილებში არცერთი მათგანი არ ფიგურირებს.

მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მაუთჰაუზენის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, ყოველ წელს იმართება და მასში, ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 10 000-მდე პირი იღებს მონაწილეობას; წელს ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი, ავსტრიის ევროპისა და საერთაშორისო საქმეთა ფედერალური მინისტრი, ბეატე მაინლ-რეისინგერი, ესპანეთის მეფე ფილიპე VI და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

 

Back to top button