
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით თემებზე საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება იყო.
შეხვედრის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პლასტმასის მოხმარებით გამოწვეული გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ და ისაუბრეს იმ პრაქტიკულ გზებზე, რომლებიც გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პლასტმასის ნარჩენების შემცირების მნიშვნელობას, გადამუშავების პროცესს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მდგრადი, ეკომეგობრული ჩვევების დანერგვას. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებს და
რესურსების რაციონალური გამოყენების პრინციპებს.
მსგავსი საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოსდაცვითი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაში, ახალგაზრდებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც განაგრძობს გარემოსდაცვითი განათლების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, რაც ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასა და მდგრადი განვითარების პრინციპების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.