
ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პარიზში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე უძღვებოდა. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ქართული მეღვინეობის კულტურას.
ღონისძიებაში მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამთა ყველაიძემ მიიღო. მისი განცხადებით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის, როგორც უნიკალური ნიშური პროდუქტის, პოზიციონირების გაძლიერებას.
ქართული ღვინის წარდგენას, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი დაესწრო.
ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეღვინეობით გამორჩეულ საფრანგეთში, სადაც ქართული ღვინისა და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ მოთხოვნა ეტაპობრივად იზრდება.