
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხო ქცევის წესების პოპულარიზაციის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტებმა შეხვედრები ჭიათურისა და საჩხერის საჯარო სკოლებში გამართეს.
ტრენინგებში VII-XII კლასების 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ, მათ შორის ყურადღება გამახვილდა მეწყერის, წყალდიდობის, ძლიერი ქარისა და სხვა კატასტროფული მოვლენების დროს სწორი ქცევის წესებზე, პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სხვების დახმარების მნიშვნელობაზე.
შეხვედრების მიზანი იყო ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება, კლიმატის ცვლილების შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება. აღნიშნული აქტივობები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობის მიერ. პროგრამის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.