თამარ იოსელიანმა ათენის პირეოსის ღრმაწყლოვანი პორტი დაათვალიერა და მისი მმართველი კომპანიის COSCO Shipping-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ათენის პირეოსის ღრმაწყლოვანი პორტის საქმიანობას გაეცნო და მისი მმართველი კომპანიის COSCO Shipping-ის ხელმძღვანელობას შეხვდა.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, პორტი ხმელთაშუა ზღვაში უმსხვილესი რგოლია ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის კუთხით და შესაბამისად, ნაყოფიერი იყო მისი საქმიანობის ადგილზე გაცნობა, ასევე მმართველი კომპანიისგან გამოცდილების გაზიარება.

„უმნიშვნელოვანესი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ათენში პირეოსის ნავსადგურის მმართველ კომპანია COSCO Shipping-თან. ჩვენ კომპანიის ხელმძღვანელობისგან მოვისმინეთ განვითარების გეგმები პირეოსის ნავსადგურში, ასევე იმ ინვესტიციების შესახებ, რომელიც აღნიშნულ ნავსადგურში 2009 წლიდან განხორციელდა. პირეოსის ნავსადგური წარმოადგენს ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი რგოლი ევროპაში, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის კუთხით, ერთმანეთთან აკავშირებს ევროპისა და აზიის ტვირთებს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, რომელიც შავ ზღვაში წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტს იმისთვის, რომ ევროპასა და აზიას შორის განვითარდეს ვაჭრობა და ამ მიმართულებით ტვირთნაკადებს მოვემსახუროთ”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანი ხაზს უსვამს მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას, რათ ქართული მხარე გაეცნოს გლობალურ სავაჭრო ქსელში არსებულ თანამედროვე ტენდენციებს და სწორად დაიგეგმოს ანაკლიის ნავსადგურის განვითარება. „ცხადია, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო აქტორების გამოცდილების გაზიარება”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე.

 

Back to top button