
დღეს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის ცენტრალურ დარბაზში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, თბილისის საკრებულოსა და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებისა და დაღუპული გმირების ხსოვნის პატივისცემა, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და შესაბამის საკითხებზე კოორდინირებული თანამშრომლობა.
მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური იღებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს თბილისის საკრებულოსა და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირთან ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავყოფისთვის წარმოდგენილი ინიციატივების განხილვისა და განხორციელების პროცესში და, ასევე, თავისი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, უზრუნველყოს მხარეთა შორის კოორდინაცია და შესაბამის ინიციატივებზე კონსულტაციის გაწევა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ინიციატორი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრი, ბექა ოდიშარია გახლდათ.
მემორანდუმის ხელმოწერამდე, დამსწრეთ სიტყვით მიმართეს ბექა ოდიშარიამ, კობა კობალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ქეცბაიამ. მათ ხაზი გაუსვეს უახლესი ისტორიის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების თავგანწირვის, მათი სახელების უკვდავყოფის, სამშობლოს წინაშე მათ მიერ გაღებული შეუფასებელი ღვაწლის დაფასების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მომავალი თაობების წინაშე.ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, სამსახურის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოსა და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები.მემორანდუმს, ხელი მოაწერეს კობა კობალაძემ, ზურაბ აბაშიძემ და ა(ა)იპ აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, ანზორ მარგიანმა. მემორანდუმი ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და იმოქმედებს 5 წლის ვადით.