
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და უსაფრთხო ქცევის წესების დამკვიდრების მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სპეციალისტებმა ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების სკოლებში ტრენინგები ჩაატარეს.
ტრენინგებში მონაწილე VII-XII კლასების 130-მდე მოსწავლეს ინფორმაცია მიეწოდათ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ, მათ შორის, მეწყერის, წყალდიდობის, ძლიერი ქარისა და სხვა კატასტროფული მოვლენების რისკებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანგებო სიტუაციების დროს სწორი ქცევის წესებს, პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სხვების დახმარების მნიშვნელობას.
შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება, კლიმატის ცვლილების შედეგების შესახებ ცნობიერების ამაღლება და კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება.
აღნიშნული აქტივობები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და შვეიცარიის მთავრობის მიერ. პროგრამის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.