თამარ იოსელიანმა TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დაკავშირებადობის გასაძლიერებლად და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, TRACECA-ს ფარგლებში წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის მეთვრამეტე ყოველწლიურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველო მრავალმხრივი ინიციატივების ფარგლებში აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებაზე.

„შუა დერეფნის განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტია. 2032 წლისთვის ვგეგმავთ 7 მლრდ აშშ დოლარის მობილიზებას ძირითადი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა ოპერაციული ეფექტურობა და შეამცირა ტრანზიტის დრო. რეგიონული სარკინიგზო კავშირები ასევე მნიშვნელოვნად განმტკიცდა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის დასრულებით, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ტვირთბრუნვის გაზრდას”, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დაგეგმილი 430-კილომეტრიანი მარშრუტის 74%-ზე მეტი უკვე დასრულებულია და ექსპლუატაციაშია შესული, რაც ქვეყნის სატრანზიტო ეფექტურობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

„საზღვაო სექტორში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს ტრანსფორმაციულ პროექტს საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. 2029 წლისთვის, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ნავსადგური 600,000 TEU-მდე ტვირთის გადამუშავებას შეძლებს, ხოლო მეორე ფაზის ფარგლებში მისი გამტარუნარიანობა 2035 წლისთვის მინიმუმ 1 მილიონ TEU-მდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ მშენებლობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს – ტალღმჭრელისა და დაღრმავების სამუშაოები 2026 წლის აპრილში დაიწყო.

პარალელურად, საქართველო მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს საჰაერო კავშირების განვითარებაში. თბილისის მახლობლად დაგეგმილი ახალი საერთაშორისო აეროპორტი წლიურ გამტარუნარიანობას 5 მილიონი მგზავრიდან 20 მილიონამდე გაზრდის, რაც 2032 წლისთვის ქვეყნის აეროპორტების საერთო გამტარუნარიანობას წლიურად 30 მილიონ მგზავრამდე აიყვანს”, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა გადაზიდვების კუთხით არსებულ დადებით დინამიკაზე და აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველოს პორტებში საკონტეინერო გადაზიდვების მკვეთრი მატება დაფიქსირდა – ტვირთბრუნვა 20%-ით გაიზარდა. ასევე, პოზიტიური დინამიკაა რკინიგზის მიმართულებითაც, სადაც საკონტეინერო გადაზიდვების წლიურმა მაჩვენებელმა 14%-იანი ზრდა აჩვენა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღინიშნა, 33%-ით მოიმატა სატრანსპორტო ნაკადებმა შუა დერეფნის გასწვრივ, რაც მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც რეგიონის ძირითადი სატრანზიტო ჰაბის, მზარდ როლს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შუა დერეფნის ქვეყნების რკინიგზებს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს შუა დერეფანში მულტიმოდალური მომსახურების კოორდინაციის, პროგნოზირებადობისა და მარშრუტის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.

ამასთან, თამარ იოსელიანის თქმით, შავი ზღვის დაკავშირებადობის განვითარება კვლავ რჩება პრიორიტეტად, განსაკუთრებით ევროპელ პარტნიორებთან პირდაპირი საბორნე მიმოსვლის გაფართოების გზით, რაც ევროპულ ბაზრებზე ეფექტურ წვდომას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სესიაზე თავმჯდომარე ქვეყნის უფლებამოსილება ყაზახეთს გადაეცა და ღონისძიების ფარგლებში, ტრასეკას ახალი გენერალური მდივანი აირჩიეს წევრმა სახელმწიფოებმა – იასურბეკ ჩორიევი (choriyev jasurbek), რომელიც აქამდე უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ქართულმა მხარემ მიულოცა უზბეკ კოლეგას გენერალურ მდივნად არჩევა და აგრეთვე მადლობა გადაუხადა ტრასეკას გენერალურ მდივანს ასეტ ასავბაევს გაწეული მუშაობისთვის.

Back to top button