სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

ჯიღაურაში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, პლატფორმა „მადამ სომელიეს“ ორგანიზებით, ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმმა ქართველი და უცხო ქვეყნის ვაზისა და ღვინის  დარგის მეცნიერები, პროფესიონალები, მარკეტერები, ტურიზმის სფეროს და მედიის წარმომადგენლები გააერთიანა. ფორუმის მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და პლატფორმა „მადამ სომელიეს“ დამფუძნებელმა ნინო ქინქლაძემ.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მსგავსი ღონისძიებები თავს უყრის როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პროფესიონალებს, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის, კულტურისა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო ფართოდ წარმოჩენას“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეებს გააცნეს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის უახლესი კვლევის შედეგები, კულტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობა, ქართული ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვისა და კვლევის მიმართულებები, იშვიათი ადგილობრივი ჯიშებისა და ქვევრის ტრადიციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები.

თემატური სესიების ფარგლებში საერთაშორისო და ქართველმა სპიკერებმა ღვინის მარკეტინგის, ბრენდინგის, ციფრული კომუნიკაციების, ღვინის ტურიზმისა და ახალი ბაზრების განვითარების მიმართულებებზე იმსჯელეს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ წარმომადგენლობით ღონისძიებას ჯიღაურამ უმასპინძლა,  სივრცემ, სადაც დაცულია ქართული ვაზის ჯიშების უნიკალური გენეტიკური რესურსები და მიმდინარეობს მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევები, რაც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების საფუძველს წარმოადგენს. საქართველო წარმოჩინდება არა მხოლოდ ვაზის წარმოშობის ერთ-ერთ უძველეს კერად, არამედ ცოცხალ სივრცედ, სადაც ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიცია დღესაც აგრძელებს განვითარებას და უზრუნველყოფს უნიკალური გენეტიკური მემკვიდრეობის შენარჩუნებას მსოფლიო კულტურული ისტორიის კონტექსტში“, – აღნიშნა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა ჯიღაურას ბაზაზე დაცული, აღდგენილი, იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პროფესიული დეგუსტაცია, რომელმაც საერთაშორისო სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.

„ქართული ღვინო სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც ევროპაში ვართ მიჩვეული. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ბუნებრიობა, მრავალფეროვნება და კულტურა, რომელიც ღვინოსთან ერთად ადამიანებსა და ისტორიას აერთიანებს“, – აღნიშნა იტალიელმა ღვინის ტურიზმის სპეციალისტმა და პლატფორმის „Winedering“ თანადამფუძნებელმა სტეფანო ტულიმ.

 

Back to top button