დავით სონღულაშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქ. პარიზში მიმდინარე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა.

სესიის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის დროს, დავით სონღულაშვილმა გლობალური მასშტაბით ძლიერი ვეტერინარული სისტემების გაძლიერების მნიშვნელობაზე  ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძლიერი ვეტერინარია იცავს სასურსათო წარმოებას, უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობას, აძლიერებს სასურსათო უსაფრთხოებას, ხელს უწყობს ვაჭრობას და ამცირებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის არსებულ რისკებს. დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ერთი ქვეყნის ვეტერინარული სისტემის სისუსტე, შესაძლოა სწრაფად გადაიქცეს რეგიონულ ან გლობალურ საფრთხედ.  შესაბამისად, საქართველო დიდ რესურს დებს იმისთვის, რომ პრევენცია, ზედამხედველობა და ლაბორატორიული შესაძლებლობები ქვეყანაში იყოს სრულად გამართული. ეს მიდგომა თავიდან გვაცილებს გაცილებით დიდ დანახარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ეპიდემიებთან, ეკონომიკურ ზარალთან, სავაჭრო დანაკარგებთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისებთან“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან აგროსასურსათო ექსპორტის ზრდისა და რეგიონული თუ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისკენ, ვეტერინარულ სისტემებში ინვესტირება წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის, ბაზრებზე ხელმისაწვდომობისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობისთვის წინაპირობას.

„ვერც ერთი ვეტერინარული სისტემა ვერ იქნება ეფექტიანი, კვალიფიციური პროფესიონალების გარეშე. მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ ვეტერინარების დეფიციტსა და ახალგაზრდების ინტერესის შემცირებას ამ პროფესიის მიმართ. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ვეტერინარული განათლებისა და პროფესიული განვითარების გაძლიერება. ამ მიმართულებით ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მათი ჩართულობით არაერთი ინიციატივა განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში და მსურს ამისთვის გამოვხატო ჩემი მადლიერება. დიდია მათი როლი იმ თანამშრომლობაში, რომლის ფარგლებშიც საქართველო განაგრძობს მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და სანდო საერთაშორისო პარტნიორის როლის გაძლიერებას“, – აღნიშნა მინისტრმა.

დავით სონღულაშვილთან ერთად, ქ. პარიზში მიმდინარე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და  სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი.

Back to top button