კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების მიზნით 46 მუნიციპალიტეტში ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 46 მუნიციპალიტეტში ცნობიერების ამაღლების კამპანიას ახორციელებს.

კამპანიის მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების, სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, უნივერსიტეტების, ტურისტული გიდების, სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების უნარებისა და მედეგობის გაძლიერება.

პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწორი ქცევის წესების პოპულარიზაციას და იმ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც მოქალაქეებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებაში დაეხმარება.

კამპანიის ფარგლებში ჯამში დაგეგმილია 94 პირისპირ საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამიზნე მუნიციპალიტეტებისა და 116 თემის წარმომადგენლები.

ამ ეტაპისთვის საინფორმაციო ტრენინგები უკვე ჩატარდა 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში, მათ შორის მცხეთაში, დუშეთში, ახალციხეში, ახალქალაქში, ქარელში, გორში, კასპში, ყვარელში, სიღნაღში, ახმეტაში, ქობულეთში, მარტვილში, ხობში, ხონში, ზესტაფონში, ონში, სამტრედიაში, ცაგერში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ხარაგაულში, მარნეულში, გურჯაანსა და თეთრიწყაროში.

შეხვედრები მუნიციპალიტეტების სხვადასხვა თემსა და სოფელში გაიმართა, სადაც მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების, კატასტროფების პრევენციის მექანიზმების, უსაფრთხო ქცევის წესებისა და ადგილობრივ დონეზე მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ.

პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში ამ ეტაპისთვის უკვე 1500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც საზოგადოების მაღალი ჩართულობისა და საკითხის აქტუალობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

Back to top button