
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში (INRES).
მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვიდა სამიტის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების სესიაზე „ენერგეტიკული უსაფრთხოება ცვალებად გლობალურ ლანდშაფტში: დაკავშირებადობა და თანამშრომლობა”
ბუნებრივი რესურსების სამიტს, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წამყვანი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალპარსლან ბაირაქტართან. გარდა ამისა, გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან, სადაც მხარეებმა რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
თურქეთში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი იმყოფება.