
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 108-ე წლისთავთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ღონისძიებები დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, ომის ვეტერანებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
მამა ალექსანდრემ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
დამსწრე საზოგადოებას, დამოუკიდებლობის დღე კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევართა გამოფენა/გაყიდვა, სპორტული აქტივობები, ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლების და კასპის ბენდის “Old Strings”-ის კონცერტი.
ვახტანგ მაისურაძემ დააჯილდოვა აფხაზეთში სოხუმის დაცვისას გმირულად დაღუპული კასპის გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიატები, ასევე წარმატებული სპორტსმენები ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის სამბოში თემურ გოგრიჭიანი. საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, თბილისის მასტერსის ჩემპიონი, თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონი, აბუ დაბის გრანდ სლემის მე-3 ადგილოსანი ირაკლი დემეტრაშვილი.
ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.