
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020-2023 წლებში, თბილისში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში უშუალოდ იყო ჩართული და უკანონო შემოსავლიდან მატერიალურ სარგებელს იღებდა ელისო კილაძე, რომელიც ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების, ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ კონკრეტული დანაშაულებრივი დაჯგუფების გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.
„2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგოდ განახორციელეს დაუფლებული კრიპტოვალუტის ლეგალიზაცია. მიღებული შემოსავალი განათავსეს უკანონო საქმიანობაში ჩართული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე და მოხმარდა დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს, ასევე მიმართეს ქონების შესაძენად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი წარმომავლობის აქტივები – ორი ავტომანქანა და 30 000 აშშ დოლარი“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.