
იტალიის რეზიდენციაში, კულტურის სფეროს წარმომადგენლების თანდასწრებით, იტალიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფაბიოლა ალბანეზემ იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა ქართველ საოპერო მომღერალ გიორგი ანდღულაძეს, რომელიც დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს ისეთ საოპერო სცენებზე, როგორიცაა მილანის ლა სკალას თეატრი, ვენეციის ლა ფენიჩე, ბერლინის ოპერის თეატრი, ბარსელონის თეატრი ლისეუ თუ ბავარიის ოპერის სახელმწიფო თეატრი.
იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო შესანიშნავ ქართველ ბანს გიორგი ანდღულაძეს საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა, იტალიური კულტურისა და საოპერო მემკვიდრეობის საქართველოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
„ეს ჯილდო გიორგი ანდღულაძის იმ წვლილის დაფასებაა, რომელიც მან იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გამტკიცების საქმეში შეიტანა, საქართველოში 40-ზე მეტი საოპერო სპექტაკლის ორგანიზებითა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და არაერთ პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალსა და საოპერო თეატრთან ერთობლივად განხორციელებული საოპერო წარმოდგენების მეშვეობით”, – აღნიშნა იტალიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფაბიოლა ალბანეზემ.