
„ამათი მავნებლობა უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა. ახალ ეროვნულ იდენტობას ამკვიდრებენ, თეოდემოკრატიულ იდეოლოგიას უწევენ პროპაგანდას“, – წერს ოპოზიციონერი რომან გოცირიძე, რომელიც ჯარისკაცების ფორმაზე დაწერილ ილია მეორის მიერ წარმოთქმულ ტრიადას – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ – აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველო ირანიზაციის გზას დაადგა. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, პირველი ღმერთი კი არა, ოჯახი და სამშობლოა, ხოლო ხელისუფლება, რომელმაც ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი „მიატყეპა მკერდზე“, ანტიეროვნული და საშიშია.
„ილიასეული ტრიადა „მამული, ენა, სარწმუნოება“ ახლით შეცვალეს. ენა ამოაგდეს, ღმერთი თავში დააყენეს. ირანიზაციის გზას დაადგნენ. ღმერთი კი არა, პირველადი შენი ოჯახია, შენი საყვარელი ადამიანები, შენი სამშობლო, სადაც გაიზარდე და რომლის ფესვები გკვებავს. ახლა „ადამიანიც“ ჩააკვეხეს. გამოგვიჩნდნენ დიდი კოსმოპოლიტები, მსოფლიო დარდს ეზიდებიან თურმე მხრებით. სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე და გუშინ აღლუმზე ატარეს. ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო“, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, 2012 წელს განაცხადა: „ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ილია ჭავჭავაძემ წარმოსთქვა ასეთი სიტყვები – „ენა, მამული, სარწმუნოება“, რომელიც ჩვენ ცოტათი გავაფართოვეთ და ასე ვთქვით – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა ადამიანისთვის“. ასევე, ილია მეორე აღნიშნავდა: „უფალი ყველაფერს მხოლობით რიცხვში ქმნის. ორ ერთნაირ ფოთოლს ან ყვავილს ვერსად ნახავთ. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ და პატივს ვცემდეთ ადამიანს, არ უნდა გავიმეტოთ იგი და ცუდი სიტყვით არ უნდა ვახსენოთ. ეს არის უნიკალური და უძვირფასესი ქმნილება ღვთისა. მთელი ქვეყნის საუნჯე არ ღირს ერთი ადამიანის სულად. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს სამი საუნჯე – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“.