ინვესტიციების სააგენტო კიდევ ერთხელ მასპინძლობს BPO სამიტს, რომლის ფარგლებშიც 12-მდე უცხოური კომპანიის ლიდერი არის ჩამოსული

„ინვესტიციების სააგენტო კიდევ ერთხელ მასპინძლობს BPO ( ბიზნესპროცესების აუთსორსინგი) სამიტს, რომლის ფარგლებშიც 12-მდე უცხოური კომპანიის ლიდერი არის ჩამოსული“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტო დირექტორის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა, რომელიც მათ სხვადასხვა უწყებაში საინვესტიციო ტურის ფარგლებში მასპინძლობს. მისი თქმით, BPO სექტორში ქვეყანაში დღეისათვის 25 საერთაშორისო კომპანია ოპერირებს.

„სამიტი ემსახურება იმას, რომ გავაცნოთ საქართველოს პოტენციალი, ავუხსნათ თუ რა უპირატესობები გააჩნია საქართველოს აღნიშნულ სექტორში და შემდგომ უკვე მათ დაარსონ კომპანიები საქართველოში. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ სექტორში 25 საერთაშორისო კომპანია ოპერირებს, რომელიც 12000-მდე ადამიანს ასაქმებს საქართველოში, სხვადასხვა ქალაქებში“, – განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.

BPO სამიტის ფარგლებში ქვეყანაში ჩამოსული კომპანიის წარმომადგენლები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ეცნობიან და საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ. მიმდინარე ტურის ფარგლებში, მიმდინარეობს შეხვედრები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

Back to top button