
შანხაიში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე ITB China 30-მდე ქართული კომპანია იყო წარდგენილი. გამოფენის ფარგლებში ქართულმა კერძო სექტორმა ათასზე მეტი შეხვედრა გამართა უცხოელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.
ITB China 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტმენტის ხელმძღვანელი ნინო ხაჩიძე.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ITB China-ს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. ეს ღონისძიება საშუალებას გვაძლევს, შევხვდეთ ჩვენს ძველ, საიმედო ბიზნესპარტნიორებს, დავამყაროთ ახალი საქმიანი ურთიერთობები და მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ვიზიტორი. ITB China-ზე დაინტერესება საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით საქართველოს MICE სექტორის მიმართულებით“-აცხადებს ნინო ხაჩიძე.
ITB China-ზე 3 დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაციები და შეხვედრები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.