
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კასპის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გამართულ კონცერტში კასპის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებმა და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ბავშვებისთვის მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი აქტივობა იყო მოწყობილი. მათ განწყობაზე ზრუნავდნენ კოსტუმირებული ზღაპრის გმირები. ასევე, ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ ატრაქციონებით და დასწრებოდნენ საპნის ბუშტებისა და ქაფის შოუს.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეებმა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს, სადაც წარმოდგენილი იყო თოჯინები, სათამაშოები და მათი სხვა ნამუშევრები. კასპის პროფესიული კოლეჯი კი ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში ბამბის ნაყინითა და ბატიბუტით გაუმასპინძლდა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივები დაესწრნენ.