
„საქართველოს მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს ადგილობრივი გენერაციის, ახალი განახლებადი სიმძლავრეებისა და გადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, 2036 წლისთვის ქვეყანა იყოს სრულად თვითკმარი, გაიზარდოს დადგმული სიმძლავრეები, განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი და გაფართოვდეს როგორც საექსპორტო, ისე სატრანზიტო შესაძლებლობები. ჩვენი მიზანი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაა” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ განაცხადა, რომელმაც აზერბაიჯანის დედაქალაქში „ბაქოს ენერგეტიკულ კვირეულში” მიიღო მონაწილეობა.
პლენარულ სესიაზე, სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა მდგრადი და დივერსიფიცირებული ენერგეტიკული მომავლისთვის” სიტყვით გამოსვლისას ინგა ფხალაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებასა და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო ჰაბის როლის განმტკიცებაზე. მისივე თქმით, ეს პროცესი ხელს უწყობს უფრო მეტ სტაბილურობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გამოწვევების უზრუნველყოფა მხოლოდ რეგიონული თანამშრომლობითა და კოორდინირებული პარტნიორობით არის შესაძლებელი. მისი თქმით, სტრატეგიული მნიშვნელობის მიმდინარე პროექტები ნათლად აჩვენებს ინფრასტრუქტურის როლს დივერსიფიკაციის გაძლიერებასა და ბაზრების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში.
„ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ სტრატეგიულ ინიციატივებს, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი და მწვანე ენერგიის დერეფანი (GECO), რომლებიც მიზნად ისახავს ელექტროენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას შორის, რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების, ბაზრის ინტეგრაციისა და მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მხარდაჭერასთან ერთად” – განაცხადა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც ქართული ინიციატივაა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ტრანსსასაზღვრო ელექტროენერგიით ვაჭრობას, შესაძლებელს გახდის სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში მწვანე ენერგიის ექსპორტს და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო და დაკავშირებადობის ჰაბის როლს.
„პარტნიორობის გაძლიერება, ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაცია და საიმედო სატრანზიტო დერეფნების განვითარება გადამწყვეტი გახდა არა მხოლოდ ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონული და გლობალური სტაბილურობისთვის. საქართველო, საკუთარი ენერგეტიკული მედეგობის გაძლიერებით, განახლებადი ენერგიის განვითარებით, რეგიონული დაკავშირებადობის ინიციატივების მხარდაჭერითა და იმ საიმედო პარტნიორობაში წვლილის შეტანით, რომელიც სამხრეთ კავკასიას ევროპასთან და სხვა რეგიონებთან აკავშირებს, ამ მიდგომის ერთგული რჩება”, – აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
ენერგეტიკული ფორუმი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრები მონაწილეობენ, დიალოგის წამყვან და სტრატეგიულ პლატფორმას წარმოადგენს. ღონისძიება, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა, „ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის” (Baku Energy Week) ფარგლებში ტარდება.