
„ჩვენს სატრანსპორტო ქსელს ემატება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და, შესაბამისად, გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს იმისთვის, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. თამარ იოსელიანმა აღნიშნული შეფასება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის საზეიმო ღონისძიებაც დღეს არის დაგეგმილი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, რომელსაც ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ემატება.
„ეს სატრანსპორტო ხაზი 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს და გადაზიდვების დინამიკა მზარდია. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ამ სარკინიგზო მაგისტრალის სრულად დატვირთვას. ძალიან მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა იმისთვის, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მომხდარიყო. წლების განმავლობაში არაერთი მასშტაბური ინიციატივა განხორციელდა, განსაკუთრებით გამოვყოფდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში, პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლს, რომლის საფუძველზეც ახალი სარკინიგზო ხაზი შედის სრულ ექსპლუატაციაში” – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საპროექტო მაჩვენებელი დაახლოებით 5 მილიონ ტონას შეადგენს. მისივე თქმით, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება დამატებითი ტვირთების მოზიდვა აღნიშნული სატრანსპორტო ხაზის სრულად დასატვირთად.