ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა დანიის სამეფოში გამართულ სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

დანიის სამეფოს ქალაქ ორჰუსში გაიმართა სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) მე-18 საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა_ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ნათია ჯანაშვილმა და პროტოკოლის და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა, მარიამ ადამაშვილმა დანიის მხარის ოფიციალური მიწვევით მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების, უსაფრთხოების, თავდაცვის, ვეტერანთა სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევები, ასევე, გაიმართა თემატური დისკუსიები. კონფერენციის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, გაეზიარებინათ გამოცდილება და ემსჯელათ აღნიშნულ სფეროებში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და განვითარების ტენდენციებზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაცია და გააცნეს სამსახურის განვითარების დინამიკა, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე პროექტები და პროგრამები, ასევე, ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. პრეზენტაციის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური და პროფესიული რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებს.

საერთაშორისო კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ სამხედრო და ვეტერანთა სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, წამყვანი ექსპერტები და მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის (Royal Danish Defence College), ნიდერლანდების თავდაცვის აკადემიის (Netherlands Defence Academy), ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის (Netherlands Veterans Institute), ჩეხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პერსონალის სააგენტოს (Personnel Agency of the Armed Forces of the Czech Republic), აშშ-ის საჰაერო ძალების (United States Air Force), კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის (Department of National Defence), კანადის სამეფო სამხედრო კოლეჯის (Royal Military College of Canada), ფინეთის თავდაცვის კვლევითი სააგენტოს (Finnish Defence Research Agency), ბელგიის სამეფო სამხედრო აკადემიის (Royal Military Academy of Belgium), შვედეთის შეიარაღებული ძალების (Swedish Armed Forces), ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა (National Defence Academy of Latvia) და ლიეტუვის გენერალ იონას ჟემაიტისის სახელობის სამხედრო აკადემიის (General Jonas Žemaitis Military Academy of Lithuania) წარმომადგენლები.

ERGOMAS არის სამხედრო საქმისა და სამოქალაქო საზოგადოების შემსწავლელი ევროპული კვლევითი ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1986 წელს და წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაციას, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთკავშირის შესწავლას.

ERGOMAS-ის საერთაშორისო კონფერენცია აერთიანებს სამხედრო და სამოქალაქო საზოგადოების საკითხების კვლევით დაინტერესებულ საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას და წარმოადგენს აღნიშნულ სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვან პლატფორმას.

Back to top button