
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში, ქ. მინსკში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო გამოფენის „Belagro 2026“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
საერთაშორისო გამოფენაზე „Belagro 2026“ წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში, დავით სონღულაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკოს, სოფლის მეურენობის და სურსათის მინისტრს, იური გორლოვს და და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს, კუ დონჟუს უმასპინძლა.
„წელს ქართული პროდუქცია პირველად არის წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენაზე „Belagro 2026“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა. დამთვალიერებლების სიმრავლით გამოირჩევა ქართული სტენდი, რაც ხაზს უსვამს ინტერესს ქართული პროდუქციის მიმართ. არსებული მაღალი ინტერესი მომავალში კონკრეტულ პარტნიორობებსა და ახალ საექსპორტო ხელშეკრულებებში აისახება, რაც, ცხადია, ხელს შეუწყობს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებას, ექსპორტის ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, ბელარუსული ბაზარი ქართული პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობებისთვის მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული.
„ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთპატივისცემასა და ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარება. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ვიზიტები და ასეთი მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილოება ყველაფერ აღნიშნულს უწყობს ხელს. ამასთან ერთად, ბელარუსული ბაზარი ქართული მხარისთვის ძალიან საინტერესოა ექსპორტის თვალსაზრისით და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
საერთაშორისო გამოფენაზე „Belagro 2026“ საქართველოს პავილიონი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით იყო წარმოდგენილი. გამოფენაში მონაწილეობდნენ ქართული ღვინისა და აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები.
მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გამოფენის გახსნას დაესწრნენ და ქართულ პავილიონში იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე და საქართველოში ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლაი როგაშჩუკი.
საერთაშორისო გამოფენა „Belagro“ ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო პლატფორმაა რეგიონში, რომელიც სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.