
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა გამოავლინეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში.
მოქალაქეს ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული.
ტერიტორიიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 15 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და დაახლოებით 1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
მიმდინარე წელს, აჭარისა და გურიის რეგიონის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამოქმედო ტერიტორიაზე 10 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ბუნებრივი რესურსების დაცვა და გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით მკაცრ და უწყვეტ კონტროლს ახორციელებენ. ტყით უკანონო სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არარეგისტრირებული სახერხი საამქროების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. დეპარტამენტი პრაქტიკაში აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე. გამკაცრებულია კანონმდებლობაც. შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება.