
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ორგანიზებით, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ, კომპანიის თანამშრომლებმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„გარემოს დაცვა და ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენთვის პრიორიტეტია, შესაბამისად, მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებულად, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეის აღნიშვნის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გავმართეთ. ასეთ აქციებს, როგორც გარემოზე ზრუნვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტს, რეგულარულად ვატარებთ და მასში კომპანიის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული“, – განაცხადა მიხეილ გოგოლიძემ.
5 ივნისი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გარემოს დაცვის საერთაშორისო (მსოფლიო) დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. 1973 წლიდან გარემოს დაცვის დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.