
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიმართა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის გლობალური ცვლილებებიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობის მნიშვნელობას.
სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შექმნილ ვითარებაზე და იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც გამოწვევების საპასუხოდ მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ აქტიურად ტარდება აზიურ ფაროსანას მონიტორინგი და შეწამვლის სამუშაოები, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა მეფუტკრეობის დარგში შექმნილ გამოწვევებზეც იმსჯელეს.
„დღევანდელი შეხვედრა არის კარგი პლატფორმა, ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე და რისკებზე, რაც თან ახლავს ჭარბ ნალექს. კონფერენციის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება როგორც ფერმერებს, ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს, მინიმუმამდე შეამცირონ რისკები”, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოში აღინიშნება ნალექების არათანაბარი პიკური განაწილება, როდესაც ჭარბ ნალექებს ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდი მოჰყვება. აღნიშნული კლიმატური გარემო ხელსაყრელ პირობებს ქმნის მცენარეთა სხვადასხვა დაავადების გავრცელებისთვის და არაერთი კულტურის (თხილი, ვაზი, მარცვლოვნები) მოსავლიანობას უქმნის საფრთხეს. შესაბამისად, ფერმერების ჩართულობა და შესაბამისი ღონისძიებების დროულად ჩატარება უმნიშვნელოვანესია.
მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს და შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება ფერმერებს, სწორად და დროულად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი რისკები.
კონფერენციას ფერმერები, დარგობრივი ასოციაციები, სამეცნიერო წრეებისა და სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.