საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე რეგისტრირებული ინდ. მეწარმის მეშვეობით, დაამზადეს და გაასაღეს 9 500 ლარის ღირებულების ხე-ტყის მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის სანაცვლოდაც მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და აიღეს 1  500 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Back to top button