
ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ყველა იმ სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდნენ, სადაც მევენახეობაა განვითარებული.
შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა მოახლოებული რთველი იყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, სახელმწიფო ყურძენს დიფერენცირებულ, შაქრიანობის მიხედვით დადგენილ ფასად შეიძენს. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ფასი 1.30 ლარია, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში – 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში – 0.30 ლარი. რაც შეეხება საფერავს, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე – 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში – 0.30 ლარი.
აღინიშნა, რომ რთველის პერიოდში, ყველა ღვინის საწარმო აღიჭურვება შაქრიანობის საზომი თანამედროვე მოწყობილობებით. ასევე, მოსავლის აღრიცხვა განხორციელდება ელექტრონული სასწორების მეშვეობით, რომლებიც ინტეგრირებული იქნება ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რაც პროცესის გამჭვირვალობასა და მევენახეების ნდობას გაზრდის.
განხილული იყო „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებებიც. კერძოდ, 2026 წლის 1 მაისიდან სამეწარმეო ვენახის გაშენება და აღდგენა-განახლება შესაძლებელია მხოლოდ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით. ვენახის გაშენებაზე თანხმობას მხოლოდ ახალი, სამეწარმეო/კომერციული ვენახი საჭიროებს. თანხმობა გაიცემა უფასოდ, პროცესი მარტივი და გამჭვირვალეა, თანხმობის მიღების განსაზღვრული დრო 20 სამუშაო დღეა.
მევენახეებთან გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაესვა, რომ რეფორმა მიმართულია ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ყურძენი, რომლითაც ქართული ღვინო მზადდება, უნდა იყოს უპირობოდ მაღალი ხარისხის.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამჟამად მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მოხმარების შემცირება განსაკუთრებით შეეხო დაბალ საფასო კატეგორიის ღვინოებს; მდგომარეობა უფრო სტაბილურია პრემიუმ სეგმენტში, სადაც მოთხოვნა შენარჩუნებულია ხარისხიან ღვინოზე.
კახეთში გამართულ შეხვედრებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.